სიახლეები

ეთნიკური უმცირესობები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული წვევამდელები და საჯარო სკოლის უფროსკლასელები „ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდებს შორის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და განმტკიცების ხელშეწყობა“ პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ. პროექტი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანი საქართველოს ახალგაზრდული კავშირისა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობით ხორციელდება.  

სტუმრებს აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა უმასპინძლა.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. აკადემიის III კურსის იუნკერმა არჩილ შავდათუაშვილმა სტუმრებს საქართველოში არსებული სამხედრო სასწავლებლების ისტორია გააცნო. სასწავლო ბატალიონის მეთაურმა, უფროსმა ლეიტენანტმა ლაშა ოდილავაძემ სტუმრებს აკადემიის მისია, მიღების წესები, საბაკალავრო პროგრამები, სასწავლო პროცესი და შეფასების სისტემა გააცნო. მან ასევე ისაუბრა იუნკერების დღის განრიგზე, გაცვლით პროგრამებზე, მსმენელთა აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ბოლოს, სტუმრებმა კითხვები დაუსვეს ვიცე-პოლკოვნიკ ვასილ კოპეიკინსა და უფროს ლეიტენანტ ლაშა ოდილავაძეს აკადემიაში არაქართულენოვანი უმცირესობების სწავლის, კონტრაქტის, სამოქალაქო პირების მიღებისა და ასაკობრივი შეზღუდვების პირობებთან დაკავშირებით.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.