სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული  თავდაცვის აკადემიასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მიმდინარე წლის 3 ივლისს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან  და აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად,  სტუმრად იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, სადაც სტუმრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან და თადარიგის გენერლებთან ერთად,  უმასპინძლა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა აკადემიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ. თავის სიტყვაში ბატონმა გენერალმა ხაზი გაუსვა კვლევითი პროექტების ფარგლებში გამოცდილი სამხედრო პერსონალის ჩართულობას და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურ​თან სამომავლო ურთიერთანამშრომლობის პერსპექტივებს. 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია: ‘’საქართველოს სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი მოთხოვნები 21-ე საუკუნის ლოკალური კონფლიქტების დინამიკის გათვალისწინებით.’’

გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ კი, თავის მოხსენებაში, ისაუბრა თემაზე: ‘’თანამედროვე საბრძოლო სივრცის ზოგადი ხასიათი’’; მოხსენებათა დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია.

შეხვედრის დასასრულს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ​ და გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ  მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, ასევე, მათი ოჯახის წევრების, აკადემიის წარმომადგენლების, მათ შორის, იუნკერთა და მსმენელთა სასწავლო და სამეცნიერო, კულტურულ და სოციალური სახის, შემეცნებით აქტივობებში ჩართულობა და ამ მიზნის მისაღწევად, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.