სიახლეები

NATO ს ექსპერტთა ჯგუფი აკადემიაში

მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში NATO-ს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიის საქმიანობის, ხარისხის მართვისა და საგანმანათლებლო მიმართულებების შესახებ ისაუბრეს. ექსპერტებმა ასევე დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და სასწავლო გარემო.

ვიზიტის მიზანს აკადემიის საქმიანობის NATO-ს ხარისხის მართვის სტანდარტებთან მიმართებით შეფასება წარმოადგენდა, NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.

NATO-ს ექსპერტთა მიერ შეფასდა აკადემიის ხელმძღვანელობის მართვის პრინციპები, სწავლა-სწავლების პროცესი და აკადემიის კონტრიბუცია NATO-სთვის. აკადემია ახორციელებს როგორც აკადემიურ უმაღლეს განათლებას, ასევე კურსს „კონტრტერორიზმი და ამბოხებულთა წინააღმდეგ ბრძოლა“ NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის.

შეფასების შედეგად, აკადემიამ მიიღო NATO-ს ექვსწლიანი უპირობო ინსტიტუციური აკრედიტაცია.

აღნიშნული შედეგი ადასტურებს, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობა თავსებადია NATO-ს ხარისხის მართვის სტანდარტებთან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების მიმართულებით.