სიახლეები

თავდაცვის სამინისტროში იუნკერები გაიხსენეს

დღეს, 1921 წელს დაღუპული იუნკერები თავდაცვის სამინისტროში გაიხსენეს. გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა სამინისტროს ტერიტორიაზე აღმართული ქვაჯვარი გვირგვინით შეამკეს.

სტელასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დეკანოზმა დავითმა დაღუპული იუნკერების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქვაჯვარი თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრთან არის აღმართული. სტელაზე 1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელი არმიის მიერ ტაძრის ჩრდილოეთის კედელთან დახვრეტილი 6 იუნკერისა და მაშინდელი დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრის სახელები და გვარებია ამოტვიფრული.

პანაშვიდის შემდეგ, შეიარაღებული ძალების მთავარმა სამხედრო მოძღვარმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები დალოცა. 

დღესვე, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში უმაღლესი სამხედრო სასაწავლებლის მსმენელებმა სპექტაკლი „სამშობლოს გმირები სჭირდება“ წარმოადგინეს. მათ დადგმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიუძღვნეს. ცენტრში იუნკერების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენაც მოეწყო.