ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი ალგეთის საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და ადგილზე გაეცნო სამხედრო პოლიციის გადამზადების კურსის მიმდინარეობას.
ზემოაღნიშნული კურსი მიმდინარე წლის 17 მარტს დაიწყო და 18 ივლისს დასრულდება.
უმცროს ოფიცერთა სკოლის სამხედრო პოლიციის გადამზადების კურსი, რომელიც სამხედრო პოლიციელებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ პროფესიული კვალიფიკაცია, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.
კურსის მიზანია სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობის გადამზადება და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც მათ ხელს შეუწყობს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ მუშაობაში.
18 კვირიანი სასწავლო კურსის ფარგლებში 29 სამხედრო პოლიციელი თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ორ ეტაპს გაივლის. პირველი ეტაპის ფარგლებში, ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინსტრუქტორები კურსის მსმენელებს ლექციებს წაუკითხავენ სამხედრო მომზადების კუთხით. მეორე ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში მსმენელებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ პოლიციური სასწავლო პროგრამები და სამართალმცოდნეობის მიმართულებები.
კურსის ფარგლებში მსმენელები ქვეითი საცეცხლე ჯგუფისა და ათეულის დონის ქვედანაყოფის ტაქტიკური მოქმედებების ძირითად პრინციპებსაც დაეუფლებიან. ასევე, გაეცნობიან ადამიანის უფლებებსა და პოლიციის ეთიკის კოდექსს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეგულირების სფეროებს, სისხლის სამართლის კოდექსის ზოგად პრინციპებსა და მათ მნიშვნელობას, ოპერატიული სამძებრო საქმიანობის ამოცანებსა და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენების საკითხებს.