სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პროექტს „იუნკერი ივანე ნანუაშვილი - საქართველოს უახლესი ისტორიის უცნობი ფურცლები“ მასპინძლობს. დღეს, ცენტრის საგამოფენო დარბაზში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ვანო ნანუაშვილის არქივში დაცული უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალის, ასევე მისი ნაშრომების გამოფენას დაესწრნენ. 
ისტორიკოსმა შორენა მურუსიძემ იუნკერებს ივანე ნანუაშვილის მოღვაწეობაზე ლექციაც წაუკითხა და მისი ცხოვრების სამ ძირითად ეტაპზე - ნანუაშვილი როგორც იუნკერი, პოლონეთის არმიის გენერალური შტაბის მაიორი და პოლიტიკური ემიგრანტი გაამახვილა ყურადღება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ოთხდღიანი პროექტი 1921 წლის საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით იმართება. პროექტი მიზნად ისახავს იუნკერთა, როგორც ახალგაზრდა სამხედრო მოღვაწეთა პოპულარიზაციას, ასევე, საქართველოს ახალ და თანამედროვე ისტორიას შორის კავშირების ჩვენებას.