სიახლეები

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. დღეს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღო.

აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს უმაღლესი სასწავლებლის ისტორიის, სტრუქტურისა და საქმიანობის, ასევე აკადემიაში არსებული სკოლების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მასპინძლებმა სტუმრებს აკადემიის სამომავლო გეგმებიც გააცნეს. 

მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციები მოისმინეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ღონისძიების დასასრულს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აკადემიაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. მათ მოინახულეს სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმი, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების აღჭურვილობა და ეკიპირება ინახება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს გამჭვირვალობა წარმოადგენს. ამ მიზნით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მათთან რეგულარულად სამუშაო შეხვედრებს მართავს.

სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობა ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას და რეფორმების წარმატებით განხორციელებას.