სიახლეები

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი მსმენელების სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის ქართველი რიგითების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის ცხედრები ეკლესიაში გუშინ გვიან გადაასვენეს.

ახალგაზრდების პატივის მისაგებად ქაშუეთის ეკლესიაში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, ასევე აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და რიგითი მოქალაქეები მივიდნენ. მათ დაღუპული ახალგაზრდების მშობლებსა და ახლობლებს პირადად მიუსამძიმრეს და მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვეს.

ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარე სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებიან ასევე, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები. ისინი საქართველოში იმავე ბორტით ჩამოვიდნენ, რომლითაც დაღუპული სამხედროების ცხედრები ჩამოასვენეს.

რიგითების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ გორჯოლაძის სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დღეს საღამომდე გაგრძელდება. მოგვიანებით კი მათ ცხედრებს ოჯახებში გადაასვენებენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.