ნიუ-ჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ქართველი კადეტი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.
დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე დაესწრო და დაღუპულის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ცერემონიალზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოადგილეებთან ერთად და მაღალი რანგის ოფიცრები. კასპის რაიონში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები და იუნკერებიც ჩავიდნენ. დაკრძალვას დაესწრნენ ასევე, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დავიდ კალაჰანის ხელმძღვანელობით, დაღუპული კურსანტების ქართველი და ამერიკელი მეგობრები.
რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე სამთავისის ტაძრიდან გამოასვენეს და კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა საგანგებო ზალპით დაღუპული ახალგაზრდის ხსოვნას პატივი მიაგო. სამხედრო ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.