სიახლეები

ტრენინგი გენდერული მრჩევლებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში დასრულდა ორდღიანი ტრენინგი გენდერული მრჩევლებისთვის, რომელიც წარმოადგენს მათი გადამზადების მესამე ეტაპს. გენდერულ მრჩევლებად შერჩეულები არიან თავდაცვის სექტორში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირები.

ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბატონმა გოჩა რატიანმა გახსნა. გამოსვლისას მან სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართეს მოწვეულმა სტუმრებმა, საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა და გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, ელჩმა მარიეტ შურმანმა.

ტრენინგის ფარგლებში, მოწვეულმა ექსპერტებმა ივონ შრედერმა და ტორმოდ ოვერლანდმა მონაწილეებს გააცნეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) დამოკიდებულება გენედერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით. ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, მამუკა გაჩეჩილაძემ ასევე ისაუბრა კონვენციის „ქალის მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) ვალდებულებებსა და სამოქმედო გეგმაზე. გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მასტერ სერჟანტმა ნინო გრიგალაშვილმა მონაწილეებს პირადი გამოცდილება გაუზიარა სამშვიდობო მისიებში ქალის როლთან დაკავშირებით.

აღნიშნული ტრენინგი გენდერულ მრჩევლებს დაეხმარება უფრო ღრმად გაეცნოთ მათზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას, ხოლო შემდგომ მიღებული ცოდნა გაუზიარონ შესაბამის ხელმძღვანელობას და გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში.

ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით იმართება.