სიახლეები

თავდაცვის მინისტრმა ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა

ფაშიზმზე გამარჯვებიდან 70 წელი გავიდა. გამარჯვების დღე ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ვაკის პარკში შეკრებილ ომის ვეტერანებს სიტყვით მიმართეს და მათ ღვაწლზე ისაუბრეს.

თინათინ ხიდაშელმა ვეტერანებს მხარდაჭერა აღუთქვა. თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოში მშვიდობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი მშვიდობის უზრუნველყოფაა: „მე ყოველ წელს მოვდივარ აქ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის. ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ შემთხვევაში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, სამწუხაროდ, მსოფლიოსთვის დღესაც ისეთივე პრიორიტეტია, როგორც რამდენიმე ათეული წლის წინ. ომი ყველაზე უფრო დიდი შეცდომაა, რაც კი შეიძლება კაცობრიობამ, სახელმწიფოებმა დაუშვან. დღევანდელი დღე გვახსენებს სწორედ იმას, რომ ეს აღარ უნდა დავუშვათ და ყველა კეთილი ნების სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ. 21-ე საუკუნეში სხვა ფორმებით უნდა მოვახერხოთ ურთიერთობების გარკვევა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრნენ.

საზეიმო ღონისძიება კონცერტითა და მეორე მსოფლიო ომის თემატიკასთან დაკავშირებული გამოფენით გაგრძელდა.