ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ იმართება. საერთაშორისო სემინარს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა.
საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ. მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება.
კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს. თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები არიან ჩართულნი, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.