სიახლეები

ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლი ორკესტრის მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.

წუთიერი დუმილის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ კონერიმ აშშ-ის საზღვაო აკადემიის სახელით, რიგითი სოსო მაკარიძისა და რიგითი ბესარიონ გორჯოლაძის ხსოვნის პატივსაცემად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტს სანაპირო დაცვის აკადემიის კადეტების მიერ ხელმოწერილი დროშა გადასცა.

ცერემონიალი ფიცის მიღებით გაგრძელდა. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ფიცი 62-მა კურსდამთავრებულმა დადო. მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭათ. ახალგაზრდა ოფიცრები სწავლას სხვადასხვა სპეციალიზაციით გააგრძელებენ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მიულოცეს. პირადი შემადგენლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა დალოცა.