ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, აკადემიაში 6 კვირიანი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირება გაიარა ლიტვის სამხედრო აკადემიის მეოთხე კურსის მსმენელმა, ანდრეი ზურბიცკმა.
სტაჟირების ფარგლებში, ლიტველი მსმენელი მუშაობდა სამეცნიერო-კვლევით ნაშრომზე „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ცვლილებები და სამხედრო სტრუქტურის მოდერნიზაცია“. აკადემიამ მსმენელს გამოუყო სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომის ხელმძღვანელი სამეთაურო-საშტაბო სკოლის ინსტრუქტორი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ყალიჩავა, რომელიც კადეტს აძლევდა რჩევებს და ეხმარებოდა ნაშრომისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში.
აკადემიის მხარდაჭერით, ლიტველი მსმენელი შეხვდა უშიშროების საბჭოს, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, ნატო-საქართველოს სამეკავშირეო ოფისისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს. იგი ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფისში, სამეცნიერო კვლევით ცენტრ „დელტაში“, სსიპ - კიბერუსაფრთხოების ბიურსა და უსაფრთხოების სექტორის სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო დაწესებულებებში.
მსგავსი სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ლიტვის სამხედრო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას.