ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკაში დღეიდან ამოქმედდა კიბერკუთხე, სადაც აკადემიის იუნკერებს, მსმენელებს, ინსტრუქტორებსა და თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კიბერუსაფრთხოების თემაზე არსებულ ლიტერატურას.
ღონისძიება ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ბატონმა ანდრია გოცირიძემ გახსნეს.
საქართველოში პირველი კიბერკუთხის გახსნა სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინიციატივით განხორციელდა.
კიბერკუთხისთვის შერჩეული ლიტერატურა მოიცავს თემების ფართო სპექტრს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოების მენეჯმენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები, საერთაშორისო ურთიერთობები, კიბერუსაფრთხოების სოციალური და სამხედრო ასპექტები.
კიბერკუთხის შექმნის მიზანია კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მისი აკადემიურ დონეზე განვითარება და სამომავლოდ აკადემიის ბაზაზე სპეციალისტების მომზადებისთვის საჭირო საგანმანათლებლო საფუძვლის შექმნა.
დღესვე, ეროვნულ თავდაცვის აკადემიიასა და კიბერუსაფრთხოების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების სამხედრო ატაშეები ესწრებოდნენ.