სიახლეები

ვიცე-პოლკოვნიკ თამაზ საათაშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის სიმულაციის სასწავლო განყოფილების უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი თამაზ ალექსანდრეს ძე საათაშვილი თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან. 

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ვიცე-პოლკოვნიკ საათაშვილის შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის ცერემონია გაიმართა. აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა მას მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადასცა.

ვიცე-პოლკოვნიკი საათაშვილი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2014 წლიდან მსახურობს. იგი დანიშნული იყო აკადემიის G-3-ის დაგეგმვის განყოფილების ოპერატიულ მორიგედ, ხოლო 2015 წლის აპრილში დაიკავა უმცროს ოფიცერთა სკოლის სიმულაციის სასწავლო განყოფილების უფროსის თანამდებობა. 

35 წლიანი სამხედრო სამსახურის განმავლობაში, ვიცე-პოლკოვნიკ საათაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული 1991-1992, 2004 წლებში სამაჩაბლოს რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, 2008 წლის აგვისტოს ომში, სამშვიდობო მისიებში - 2007-2008 წლებში ერაყის რესპუბლიკაში, ქ. ალკუტსა და 2010-2011 წლებში ავღანეთის რესპუბლიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) შემადგენლობაში. 

ვიცე-პოლკოვნიკ საათაშვილს მიღებული აქვს მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის, ნატო-ს მედალი და I ხარისხსი უწყებრივი მედალი.