თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსი დასრულდა. 180 სამხედრო, მათ შორის 5 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოდან სწავლებას წლის და ექვსი თვის განმავლობაში გადიოდა. ეროვნული აკადემიის ინსტრუქტორებმა მსმენელები მსუბუქ, ქვეით, სამხედრო–სამედიცინო, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სპეციალობებში მოამზადეს. კურსის ფარგლებში სამხედროებმა სწავლების სამი ეტაპი გაიარეს: დაწყებითი საბრძოლო მომზადება, უმცროს ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო და უმცროს ოფიცერთა მომზადების ძირითადი კურსები. ჯარისკაცებმა ათეულისა და ოცეულის დონეზე სამხედრო ტოპოგრაფია, საცეცხლე, ტაქტიკური, საინჟინრო, სამედიცინო და ფიზიკური მომზადებაც გაიარეს. კურსის გამოშვების ოფიციალური ცერემონია ეროვნულ აკადემიაში დღეს გაიმართა. ოფიცრებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ და ლეიტენანტის წოდება მიენიჭათ.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე, შტაბის უფროსის მოადგილეები – ბრიგადის გენერალი დავით ნაირაშვილი და პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი ნიკა ჯანჯღავა ესწრებოდნენ. ”დღევანდელი დღე მთელს საქართველოს მინდა მივულოცო. შეიარაღებულ ძალებს 180 კარგად მომზადებული ლეიტენანტი შეემატა. მათ მინდა მივულოცო ოფიცრის წოდების მიღება და წარმატებული სამხედრო კარიერა ვუსურვო,” განუცხადა ჟურნალისტებს გენერალ–მაიორმა დევი ჭანკოტაძემ. როგორც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა აღნიშნა, ჯარისკაცებმა სერიოზული მომზადება გაიარეს – ”ეს არის ოფიცერთა ის ნაკადი, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მოვიდა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მომზადება გაიარეს, ახლა კი ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევლენ როგორც ლეიტენანტები. ეჭვი არ მეპარება, რომ აღნიშნული თაობა ქართული ჯარის აღმშენებლობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს,” განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ.
კურსის დასრულების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები სპეციალობების მიხედვით შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.