დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ბარნოვმა და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის კომენდანტმა, ბრიგადის გენერალმა მეელის კიილმა მოაწერეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის სასწავლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას - გამოცდილების გაზიარებას, სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების გაცვლით პროგრამებს.
სტუმრებმა დღეს გორში თავდაცვის ეროვნული აკადემია დაათვალიერეს. მოისმონეს ქართული მხარის მიერ საგანგებოდ მათთვის გამართული სემინარი. სემინარის ძირათადი თემები განათლებისა და წვრთნების სისტემა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიები იყო.
ბალტიის თავდაცვის კოლეჯის 25–კაციანი დელეგაცია საქართველოში უმაღლესი სამეთაურო სწავლების კურსის ფარგლებში იმყოფება. ოთხი დღის განმავლობაში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, უშიშროების საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.