დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო განათლების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მონაწილეებმა რეგიონულ და საერთაშორისო თანამშრომლობაში სამხედრო განათლების როლზე, ამ მიმართულებით პარტნიორული ურთიერთობის განვითარებასა და არსებული კონტაქტების გაღრმავებაზე იმსჯელეს.
კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნოდარ ხარშილაძე და ანდრო ბარნოვი, უკრაინის, რუსეთის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ ვალანდერი, ევროპული ქვეყნების სამხედრო სასწავლებლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიას, ჩრდილოეთ ჯორჯიის სამხედრო და ჩეხეთის თავდაცვის უნივერსიტეტებს შორის. სამხედრო აკადემიაში გამართული საერთაშორისო კონფერენცია ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
დღეს კონფერენციის ფარგლებში სტუმრებმა თავდაცვის აკადემია დაათვალიერეს. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 16 სექტემბერს გაიხსნა. განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სასპორტო დარბაზები, აუზი, ღია და დახურული ტიპის სასპორტო მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით.
აკადემიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი სკოლის მეშვეობით: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა: აეროდრომებისა და საავტომობილო გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ბიზნესისა და მართვის სკოლა: ზოგადი მენეჯმენტი, ლოგისტიკა და ექსპედირება. აკადემიას ექნება სამაგისტრო სასწავლო განყოფილებაც. დაგეგმილია მსმენელებისთვის გაცვლითი პროგრამები პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.
აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წელს 150 მსმენელი ჩაირიცხა, მათ უკვე გაიარეს ხუთ-კვირიანი, საწყისი ფიზიკური და სამხედრო(საველე) მომზადება.