დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით აკადემიამ გორის N3 და N4 საჯარო სკოლის 80-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. მოზარდებმა დეტალურად დაათვალიერეს განახლებულ აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ აკადემიის პირველი კურსის მსმენელებს და გაეცნენ სასწავლებელში ჩაბარების, ცხოვრებისა და სწავლის პირობებს. სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ შეიარაღების ნაწილს გაცნობოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები სამხედრო მოსამსახურეებისგან. აკადემიაში მოსწავლეებმა მსმენელებთან ერთად ისადილეს. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მათ სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.
ღია კარის დღეების ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიის დათვალიერების საშუალება ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლის მაღალი კლასების მოსწავლებს ექნებათ.
განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომპლექსში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სასპორტო დარბაზები, აუზი, ღია და დახურული ტიპის სასპორტო მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.
აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.