სიახლეები

დღეიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 179 ოფიცერი შეემატა

ლევან იზორია: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის“

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში იუნკერთა ბატალიონისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

„ყოველთვის, როდესაც აქ თქვენთან ერთად ვარ, განსაკუთრებულად მიხარია და ვღელავ, რადგან ვიმყოფები ჩვენი ქვეყნის სიამაყის, თავდაცვისუნარიანობის, ჩვენი არმიის ინტელექტუალურ სამჭედლოში. იქ, სადაც მზადდებიან მომავალი ოფიცრები და სამშობლოს დამცველები. მადლობა იმისთვის, რომ აირჩიეთ ეს პროფესია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გადადგით ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურს და თითოეული მოქალაქის დაცვას ემსახურება.

თქვენ დავით აღმაშენებლის სახელობის სასწავლებელში ხართ, თქვენ იუნკერების სახელს ატარებთ, თქვენ აგრძელებთ ჩვენი სახელმწიფოს განვითარების ტრადიციას, რომელიც საუკუნეების წინ მცირე, მაგრამ ამაყმა და მამაცმა ერმა დაიწყო“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

აკადემიის კურსდამთავრებულებს დღევანდელი დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და მათ ქართული არმიისთვის უდიდესი შენაძენი უწოდა. სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ იმ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც მათ, როგორც ოფიცრებს, დღეიდან დაეკისრებათ: „ეს დღე უდიდესი შენაძენია ქართული არმიისთვის. იყო ოფიცერი - უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც თქვენ კიდევ უფრო დიდი ენერგიით იტვირთეთ. თქვენ ეს პასუხისმგებლობა გაწევთ არა მხოლოდ თქვენი მეგობრების, ოჯახის წევრების წინაშე, არამედ სრულიად საქართველოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად აიღებთ იმ კვალიფიკაციით, რაც აქ შეიძინეთ და ღირსეულად გაართმევთ თავს იმ ანთებული გულით და დიდი სიყვარულით, რომელიც თქვენ სამშობლოს მიმართ გაქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, ჩვენი განვითარება ინსტიტუციურ გზაზე გადის, ხოლო თავდაცვითი განვითარება - სწორედ თავდაცვითი ინსტიტუტების განვითარებაზე. ამ ინსტიტუტებს კი სწორედ თქვენსავით კვალიფიციური, გულანთებული ოფიცრები ქმნიან“.

აკადემიის დასრულება კურსდამთავრებულებს გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმაც მიულოცეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს განვითარებაში ახალგაზრდა ოფიცერთა კორსპუსმა დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.

ღონისძიება დიპლომების გადაცემის ცერემონიალით გაგრძელდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ საზეიმო ღონისძიებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, უწყების სხვა ოფიციალური პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დღეიდან კურსდამთავრებულებს ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება - ლეიტენანტი მიენიჭათ. იუნკერთა ბატალიონის IV კურსის კურსდამთავრებულებმა ასევე, მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ხოლო ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიური ხარისხს, ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება მიიღეს.