ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის, როგორც საბაკალავრო, ასევე საკარიერო სკოლების სასწავლო გეგმის მიხედვით იუნკერებსა და მსმენელებს უტარდებათ სწავლებები გენდერული თანასწორობის პრინციპებზე.
2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლის მეოთხე კურსის იუნკერების სასწავლო პროგრამაში დაინერგა მოდული გენდერული საკითხების მეინსტრიმინგთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე საჭირო გახდა აღნიშნულ საკითხებზე სახელმძღვანელოს მომზადება, რომელიც შემდგომში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მომზადდა.
სახელმძღვანელოს მიხედვით გაიმართა პილოტური სწავლება, რომლის ფარგლებში, აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსმა, ბატონმა გიორგი ამანათიძემ გენდერული თანასწორობის ძირითად ცნებებზე, გენდერულ როლებზე, სტერეოტიპებზე და კონფლიქტის დროს გენდერული ნიშნით ძალადობასა და სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრეს.
სწავლებაზე ასევე განიხილეს საერთაშორისო სამართლის ნორმები, კონვენციები და თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა.