დღეს, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ცნობილი ქართველი მწერლები და პოეტები ესტუმრნენ. ბათუ დანელია, დათო ტურაშვილი, ბესარიონ სოლომონაშვილი, ბესო ხვედელიძე, ლელა ცუცქირიძე, მანონ ბულისკერია და მარიამ წიკლაური აკადემიის იუნკერებს შეხვდნენ და მათ თავიანთი შემოქმედება გააცნეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქალბატონი ქეთევან დუმბაძე.
მწერლებთან და პოეტებთან შეხვედრამ იუნკერებში დიდი ინტერესი გამოიწვია. მომავალი ოფიცრები სტუმრების ლექსებსა და მოთხრობებს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ისმენდნენ. იუნკერთა ბატალიონის მესამე კურსის იუნკერმა ლევან მუშკუდიანმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედებაც გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიას საჩუქრად სხვადასხვა თემატიკისა და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნები გადასცეს.
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ თავდაცვისა და კულტურის სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება.