საქართველოში ვიზიტით ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორის მთავარი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში აბდულ ალი შამსი იმყოფება. გუბერნატორის მთავარი მრჩეველი დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. ავღანელი სტუმარი სამხედრო მოსამსახურეებსა და აკადემიის მსმენელებს შეხვდა. აბდულ ალი შამსიმ მადლობა გადაუხადა ქართველ სამხედროებს ავღანელი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაწეული დახმარებისთვის. მან საქართველოს მიერ ISAF-ის მისიაში მონაწილეობის მნიშვნელობაზე და ჰელმადის პროვინციაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ISAF-ის მისიის ფარგლებში საქართველომ დიდი წვლილი შეიტანა ავღანეთის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჰელმანდის პროვინციის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. ქართველი ჯარისკაცების დახმარებით უფრო უსაფრთხო გახდა ავღანელების ყოველდღიური ცხოვრება. ჩვენ ღრმა მწუხარებას და პატივისცემას გამოვხატავთ მისიის შესრულებისას დაღუპული და დაშავებული ყველა ქართველი სამხედრო მოსამსახურის გამო“ - განაცხადა ჰელმადის პროვინციის გუბერნატორის მრჩეველმა.
„ქართველი ჯარისკაცები სამშვიდობო მისიას ავღანელების დასახმარებლად ასრულებენ. ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია როგორ აფასებენ თავად ავღანელები ამ მისიას. სტუმრის მონათხრობმა ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ამ მისიაში მონაწილეობის საჭიროება. „ - განაცხადა აკადემიის მსმენელმა ვაჟა იჩქითმა.
აბდულ ალი შამსი ჰელმანდის პროვინციის გუბერნატორ გულაბ მანგალთან ერთად აქტიურად მუშაობს ჰელმანდის პროვინციის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და პროვინციაზე ავღანეთის ნაციონალური უსაფრთხოების ძალებისთვის კონტროლის გადაცემის მექანიზმებზე.