დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ნატო-ს კუთხე გაიხსნა. კუთხის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი გიორგი ბარამიძე, ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და აკადემიის მსმენელები დაესწრნენ. ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა აკადემიის ბიბლიოთეკას ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის შესახებ ახალი ლიტერატურა გადასცეს.
დღესვე გიორგი ბარამიძემ აკადემია დაათვალიერა და მსმენელებს შეხვდა. მან ალიანსის თანამედროვე გამოწვევებისა და 2012 წლის მაისში დაგეგმილი ჩიკაგოს სამიტის შესახებ ისაუბრა. ” შეხვედრა საინტერესო და ინფორმატიული იყო. ვიცე-პრემიერ მინისტრი დეტალურად გვესაუბრა ნატოს ისტორიის, მის წინაშე არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. ჩვენთვის, მომავალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის განსაკუთრებით მნიშნელოვანია ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. ახალი ლიტერატურა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ცოდნას ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის შესახებ” - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ აკადემიის მსმენელმა.