სიახლეები

ლიტვის თავდაცვის უფროსი საქართველოში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ლიტვის რესპუბლიკის თავდაცვის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი იმყოფება. ლიტვის უმაღლესი სამხედრო პირი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დევი ჭანკოტაძემ მიიღო. მან ლიტველ კოლეგას რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები, ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი და ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ ლიტვის თავდაცვის უფროსმა გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.

ვიზიტის ფარგლებში ლიტვის თავდაცვის უფროსი გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრო ბარნოვმა ლიტველ სტუმარს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემა გააცნო. შეხვედრის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი არვიდას პოციუსი აკადემიის მსმენელებს შეხვდა და ლიტვის შეიარაღებული ძალების, მისი განვითარების ეტაპების და სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ პრეზენტაცია გამართა. დღესვე აკადემიაში ISAF-ის ოპერაციაში ლიტვის მონაწილეობის შესახებ ფოტო გამოფენა გაიხსნა.

 

ლიტვის თავდაცვის უფროსი ეროვნულ სასწავლო ცენტრ ”კრწანისსაც” ესტუმრა. იგი საქართველოდან 12 აპრილს გაემგზავრება.