მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან შეხვედრა დღეს ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. შეხვედრას ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები, თავდაცვის სამინისტროს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცრები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიებაზე მსოფლიო ომის მოვლენები და ამ ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს. შეხვედრაზე ვეტერანთა თავდადებასა და ფაშიზმთან ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრეს.
"მინდა თითოეული ქართველის სახელით მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენ მომავალი თაობებისთვის, მომავალი საქართველოსთვის, იბრძოდით და შედეგად გამარჯვება მოიტანეთ. საქართველოს თითოეული მოქალაქე ამაყია თქვენით და არასოდეს დაგივიწყებთ იმ ამაგს, რაც თქვენ მიგიძღვით ქვეყნის და მომავალი თაობების წინაშე" - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტანმა ლაშა დავითაძემ.