სიახლეები

ვესტ-პოინტის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

ამერიკის შეერთებული შტატების ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კადეტებმა დავით აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ენის შემსწავლელი კურსი დაასრულეს. შესაბამისი სერთიფიკატები ამერიკელ კადეტებს დღეს აკადემიის რექტორმა დავით ნარდაიამ გადასცა.

6 კადეტი და 1 ინსტრუქტორი ქართულ სამხედრო სასწავლებელში გაცვლითი სასწავლო კურსის ფარგლებში იმყოფებოდა. 3 კვირის განმავლობაში მათ რუსული ენის გრამატიკასა და ლიტერატურაში საკლასო მეცადინეობები ჩაუტარდათ. კადეტებმა აკადემიის ბაკალავრიატის მსმენელებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამხედრო სწავლებებში, ფიზიკური მომზადების პროგრამასა და სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებში.

ამერიკელი მსმენელებისთვის სპეციალური კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, ისინი გაეცნენ საქართველოს ისტორიას, დაათვალიერეს გორის, ქუთაისისა და ბათუმის მუზეუმები და ღირშესანიშნაობები.

ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის თანამშრომლობის ფარგლებში დეგეგმილია 6 წარჩინებული ქართველი მსმენელის აშშ-ში მივლინება, სადაც ისინი ერთთვიან საველე წვრთნებს გაივლიან.