სიახლეები

სასწავლო წლის დაწყება აკადემიის მსმენელებს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აკადემიის პირველი და მეორე კურსის მსმენელებს სწავლის დაწყება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირადად მიულოცა. 

თავდაცვის მინისტრი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო პროცესის დაწყებას უშუალოდ გაეცნო. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელიც  თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ორკესტრმა შეასრულა. სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ, აკადემიის მსმენელებმა და დამსწრე სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლის დროს დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. 

დღეიდან აკადემიის ბაკალავრიატის  პირველი კურსის მსმენელები 5 კვირიან საწყის საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან. 

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას სახელმწიფო სრულიად ანაზღაურებს.  აკადემიაში გასულ ეროვნულ გამოცდებზე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლებს შორის ყველაზე დიდი კონკურსი იყო.  ყველაზე დიდი მოთხოვნა სამხედრო ავიაციის სპეციალობაზე დაფიქსირდა,  შემდეგ ადგილზე გავიდა საერთო საჯარისო მართვის სპეციალობა. 

აკადემიის მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით,  საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით. აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. აკადემია მოამზადებს ოფიცრებს  ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. 

აკადემიაში ჩაბარების შემდეგ, მსმენელები თავდაცვის სამინისტროსთან აფორემებენ 10-წლიან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 6-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ მსმენელი იღებს ლეიტენანტის წოდებას.