სიახლეები

სამეთაურო - საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულების მეორე გამოშვება და დაჯილდოება

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის წარჩინებული სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის 28 კურსდამთავრებულის წინაშე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე. კურსის წარმატებით გავლის სერთიფიკატები სამხედრო მოსამსახურეებს ასევე გადასცეს აშშ-ის ევროპის სარდლობის დაგეგმვის, პოლიტიკისა და სტრატეგიის დირექტორატის დირექტორის მოადგილემ კონტრადმირალმა მარკ მონტგომერიმ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა გიორგი კალანდაძემ და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა გიორგი ქველაძემ. საზეიმო ცერემონიას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსიც დაესწრო.

სამეთაურო-საშტაბო სკოლის ათთვიანი კურსი მოსამზადებელი, საბრძოლო, სწავლების დაგეგმვისა და საბრძოლო მომზადების, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ომებისა და სამხედრო ხელოვნების მოდულებისაგან შედგებოდა. სამხედრო მოსამსახურეები სრული სპექტრის ოპერაციების განსახორციელებლად საერთო საჯარისო, გაერთიანებული, უწყებათაშორისი, მრავალეროვნულ და არაკონვენციურ ოპერატიულ გარემოში ბატალიონის, ბრიგადის და ოპერატიული დაჯგუფების ლიდერის უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ეტაპებს.

სამეთაურო-საშტაბო სკოლა 2009 წელს შეიქმნა. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო საკარიერო სასწავლებლის კურსის გავლა  შეიარაღებული ძალების უფროსი ოფიცრების შემდგომი კარიერული წინსვლისთვის აუცილებელია.