გახდი იუნკერი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან:

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვებგვერდზე www.naec.ge, რეგისტრაციისას აირჩევენ აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებს  და რომლებსაც 2026  წელს არ უსრულდებათ 24 წელი.

აბიტურიენტთა საყურადღებოდ: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურების წარმატებით ვერ გავლის შემთხვევაში აკადემია აბიტურიენტებს რეკომენდაციას უწევს გააუქმოს რეგისტრაცია მის მიერ არჩეულ აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამებზე და მათ ნაცვლად დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე ან რეგისტრაციის გავლის დროს აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების გარდა დარეგისტრირდეს სხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომ აკადემიაში ვერ ჩარიცხვის შემთხვევაში  აბიტურიენტმა არ დაკარგოს მიმდინარე წელი.

  • ერთიანი ეროვნული გამოცდების (www.naec.ge) სარეგისტრაციო განაცხადში ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების მითითების და არჩევის დროს რაიმე შეფერხების არსებობის შემთხვევაში აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ დახმარებისთვის მიმართონ ეროვნული თავდაცვის აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

საკონტაქტო პირი: ბატონი ჯიმი კეკელაშვილი - 599 21 80 82;

აკადემიაში მიმღები კომისიის მიერ კანდიდატების შერჩევები ხორციელდება ქვემოთ დასახელებული 4 კომპონენტის შესაბამისად:

ა) ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება;

ბ) ფსიქოლოგიური შემოწმება;

გ) სამედიცინო შემოწმება;

დ) სპეციალური შემოწმება.

 

  I ეტაპი: აკადემიის შიდა შესარჩევი ტურები

1. აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში (როგორ ჩავაბაროთ ფიზიკური მომზადების ტესტი სწორად).

ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ნორმატივის ჩაბარება:

აკადემიაში, მისაღებმა კანდიდატმა უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების დონის დასადგენი ტესტირება, რაც ხორციელდება სქესის და ასაკის გათვალისწინებით, ქვემოთ მითითებულ დისციპლინებში:

 

1.      წოლბჯენიდან აზიდვა;

2.      მუცლის პრესი;

3.      სირბილი 3200  მეტრზე.

 

 ტესტირება იწყება წოლბჯენიდან აზიდვით,  გრძელდება  მუცლის პრესის შესრულებით  და სრულდება 3200 მეტრის გარბენით.  შესასრულებელ სახეობებს შორის შესვენება 10-15 წუთი.

 

 აკადემიაში მისაღები  სამოქალაქო პირისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამოქალაქო პირი თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 40 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 120 ქულას.

ტესტირება.

 აკადემიაში მისაღები  სამხედრო მოსამსახურისთვის:

Ø  დადებით  შეფასებად  ითვლება  თუ  სამხედრო  მოსამსახურე, თითოეულ ნორმატივში მიიღებს არანაკლებ 60 ქულას,  ხოლო სამივე ნორმატივში არანაკლებ 180 ქულას.

ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების ასაკობრივი ცხრილი

 2. ფსიქოლოგიური შემოწმება:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის მიერ ფსიქოლოგიური შემოწმებისას ძირითადად გამოიყენება რამდენიმე საკვლევი კითხვარი. შერჩევის/შეფასების პროცესში ფასდება პიროვნული მახასიათებლები, ფლუიდური ინტელექტი და საჭიროების შემთხვევაში სხვა ფაქტორები. ტესტირებასთან ერთად შერჩევის პროცესში ტარდება კლინიკური ინტერვიუ, სპეციალისტი ინდივიდუალურად აფასებს თითოეული კანდიდატის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. თითოეულ მახასიათებელთან/ფაქტორთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ზღვრული მაჩვენებელი, რომლის ქვემოთაც კანდიდატს არ ეძლევა რეკომენდაცია.

პიროვნული ნიშან-თვისებების შესაფასებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გასაუბრებას, რომლის დროსაც აქცენტი კეთდება პიროვნების ისეთ თვისებებზე, როგორიცაა აფექტურობა, გამღიზიანებლობა, იმპულსურობა, აღზნებადობა, განზრახვათა კონტროლის სირთულეები, აგრესიულობა, მიდრეკილება თვითდაზიანებებისადმი.

 

3. სამედიცინო შემოწმება:

სამხედრო ჰოსპიტალში კანდიდატი გადის სამედიცინო შემოწმებას სადაც უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, სისხლის გამოკვლევა ვირუსებზე, სისხლის ჯგუფსა და რეზუს ფაქტორზე, გულ-მკერდის რენტგენოსკოპია, მუცლის ღრუს, საშარდე სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია. ასევე ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები: ქირურგი, თერაპევტი, ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ოფთალმოლოგი, ოტოლარინგოლოგი, დერმატოლოგი, კარდიოლოგი,სტომატოლოგი.

დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთ კომპონენტშიც კი შეუსაბამობის შემთხვევაში,  კანდიდატი გამოეთიშება კონკურსს.

4. სპეციალური შემოწმება:

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიღების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს სამართალდარღვევათა შემოწმებს კომპონენტის გავლა, აღნიშნული ხორციელდება ვინაიდან თავდაცვის კოდექსის შესაბამისად სამხედრო სამსახურში არ მიიღება პირი, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი ორგანოს მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ასევე პირი, რომელიც წარსულში ნასამართლევია.

 II ეტაპი: აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შიდა შესარჩევ ტურებს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს საბაკალავრო პროგრამების მიხედვით შემდეგ საგნებში:


☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა /ისტორია / ფიზიკა/ სამოქალაქო განათლება

(მესამე სავალდებულო-არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატა შემდეგი საგნები: ფიზიკა და სამოქალაქო განათლება, რომლის შერჩევას შეძლებთ საბაკალავრო პროგრამების მიხედვით)

  • I, II და III კურსის ყველა იუნკერი აიღებს ყოველთვიურ განსაზღვრულ სტიპენდიას 500 ლარს, გარდა ამისა წარჩინებული იუნკერები აიღებენ დამატებით სტიპენდიას რეიტინგის მიხედვით.

დამატებითი სტიპენდიის გაცემის კრიტერიუმები:

რეიტინგული ქულა A+ 95 – 100 წარჩინებული - 300 ლარი

რეიტინგული ქულა A 91 – 94 - 200 ლარი

რეიტინგული ქულა B 81 - 90 - 100 ლარი

  • IV კურსის იუნკერების  სტიპენდია შეადგენს 1452 ლარს.

საბუთების მიღება განხორციელდება 2026 წლის 15 აპრილიდან 2026 წლის 18 ივნისის ჩათვლით  აკადემიის ტერიტორიაზე, შემდეგ მისამართზე: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კილომეტრი. საბუთების მიმღები კომისიის ტელეფონი: 577 39 01 94; 599 90 15 61.

საბუთების შემოტანის დროს აბიტურიენტმა უნდა იქონიოს ფიზიკური ტესტირებისათვის სპორტული  ფორმა.

საბუთების მიღება განხორციელდება: ორშაბათი - ხუთშაბათი 10:00 საათიდან - 16:30 საათამდე, პარასკევი: 10:00 საათიდან 14:30 საათამდე.

საბუთების ნუსხა:

1. განცხადება (ივსება მიმღებ კომისიაში).

2. ავტობიოგრაფია (ხელნაწერი და ნაბეჭდი).

3. ცნობა სკოლიდან (დედანი და ასლი) ან სრული ზოგადი განათლების ატესტატის ასლი - 2 ცალი.

4. პირადობის მოწმობის ასლი - 3 ცალი.

5. დაბადების მოწმობის ასლი - 2 ცალი.

6. დახასიათება სასწავლებლიდან ან ბოლო საქმიანობის ადგილიდან (დედანი და ასლი).

7. ქორწინების მოწმობის ასლი.

8. ოჯახის წევრ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლები - 2 ცალი.

9. ცნობა ნასამართლობის შესახებ (დედანი და ასლი).

10. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ (დედანი და ასლი).

11. ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ (დედანი და ასლი).

12. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა (დედანი და ასლი).

13. ცნობა პროფილაქტიკური აცრების შესახებ (წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი, დიფტერია) ასლი - 2 ცალი.

14.  იძულებით გადაადგილებული პირის/დევნილის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) – 2 ცალი.

15.  მართვის მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

16.  ცნობა სამსახურის ან ნამსახურობის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) (დედანი და ასლი).

17.  ცნობა რეზერვის სამსახურში ყოფნის ან გავლის შესახებ (დედანი და ასლი - 2 ც.) (არსებობის       შემთხვევაში).

18.  სამხედრო ბილეთის ან წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი - 2 ცალი.

19.  მიღებული სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში) - 2 ცალი.

20. ფერადი ფოტოსურათი 3×4-ზე - 6 ცალი.

21. CD დისკი ფოტოსურათის ელექტრონული ვერსიით.

22. საქაღალდე (მუყაოსი ზონარით) – 2 ცალი.

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის შიდა წესი

✔ თავდაცვის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა (10) - ისტორია (10)

✔ თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა - 70 მისაღები ადგილი  

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ ისტორია (50) - მათემატიკა (10) - სამოქალაქო განათლება (10) 

✔ კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოების  საბაკალავრო პროგრამა - 20 მისაღები ადგილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა (15) - ფიზიკა (5)

✔ მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა (5) - ფიზიკა (5)

✔ საავიაციო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა - 10 მისაღები ადგილი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ გამოცდებს შემდეგ საგნებში:

☑ უცხო ენა 
☑ ქართული ენა და ლიტერატურა
☑ მათემატიკა (5) - ფიზიკა (5)